მაია ბითაძე: პრინციპული პოზიციაა, რომ სკვერში, პარკში და სტადიონზე კორპუსს ვეღარავინ ჩადგამს

11 ივნისი 2021
მაია ბითაძე: პრინციპული პოზიციაა, რომ სკვერში, პარკში და სტადიონზე კორპუსს ვეღარავინ ჩადგამს

„პრინციპული პოზიციაა, რომ სკვერში, პარკში და სტადიონზე, კორპუსს ვეღარავინ ჩადგამს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილავდნენ.

დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, საკითხზე მომხსენებელმა, მაია ბითაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კანონპროექტის ინიცირება ამ ქვეყანაში დაუმთავრებელი და ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების პრობლემის გამო მოხდა, რაც ასიათასობით ადამიანის პრობლემას წარმოადგენს.

მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია მიაღწიონ იმას, რომ დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემები აღმოიფხვრას და დეველოპერებმა უფრო ადრე აღარ გაყიდონ შენობა, ვიდრე იგი არ აშენდება.

„ამ საკანონმდებლო პაკეტით შემოდის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული მიწერილობის შეუსრულებლობისთვის, რაც იმედი მაქვს, დეველოპერებს პასუხისმგებლობას აუმაღლებს პარტიული კუთვნილების მიუხედავად, აღარ ეცდებიან და აღარ ექნებათ იმის ილუზია, რომ მათ ამას ვინმე აპატიებს. ეს პრობლემა დადგა მარტივი მიზეზის გამო, რომ 2009 წელს გაუქმდა ვალდებულება, რომ შეგეძლო შესულიყავი და გეცხოვრა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობაში. დეველოპერი ყიდდა ყველაფერს და მიდიოდა, იმიტომაც გვაქვს ეს პრობლემები. ამ კანონპროექტით შემოდის მნიშვნელოვანი საკითხი, რომ დენი და გაზი აღარ მიეწოდებათ ჩაუბარებელ შენობებს, სამშენებლო მიზნების გარდა. ეს არის ნორმალური და ეს არის ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე”, - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღეს საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები მხოლოდ დედაქალაქზე ვრცელდება.

კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გეგმავენ ახალი კანონმდებლობის შემუშავებას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით აამოქმედებს ცვლილებებს სამშენებლო ნაწილში, რაც თბილისში განხორციელდა, მათ შორის, გამწვანების, დენდროლოგიის, სატრანსპორტო საკითხების ინტეგრირება მშენებლობის ნებართვის პროცესში და სხვა.

„დღეს თბილისში 12 ათასამდე ობიექტია, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, თუმცა, იქ უკვე წლებია ცხოვრობენ მოქალაქეები. მათგან 6700 საცხოვრებელი სახლია. ზოგიერთ მათგანში 25 წელზე მეტია ცხოვრობენ მოქალაქეები, კორპუსები კი დღემდე არაა ექსპლუატაციაში მიღებული და შენობები არის ჰაერში გამოკიდებული. ამგვარად, ეს კანონი წლობით დაგროვილი პრობლემების მოგვარებას ეხება და უაზრობაა პოლიტიკური ინსინუაციები. კანონი დაგვეხმარება, რომ მომავალში მსგავსი შენობები აღარ დაგროვდეს და ამისთვის პრევენციული ზომებია ჩადებული კანონპროექტში“, - განაცხადა თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, კანონპროექტის განხილვისას.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა პარლამენტის 84-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო 5.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური.