ანრი ოხანაშვილი: საპარლამენტო ბოიკოტი ყველა პარტიას სრულად ექნება გარანტირებული

10 ივნისი 2021
ანრი ოხანაშვილი: საპარლამენტო ბოიკოტი ყველა პარტიას სრულად ექნება გარანტირებული

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონპროექტის თანახმად საპარლამენტო ბოიკოტი ყველა პარტიას სრულად ექნება გარანტირებული იმ შემთხვევაში, თუკი ისარგებლებს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად იმ ელემენტარული და მინიმალური დემოკრატიული სტანდარტით“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ ბოიკოტი არის საპარლამენტო პროცედურა და ლეგიტიმური საშუალება კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, მისი პოლიტიკური შეხედულების გამო ბოიკოტირება გამოუცხადოს არა საქართველოს პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ინსტიტუციას, არამედ საპარლამენტო პროცედურებს.

მისივე განმარტებით, ეს მოცემულობა მიიჩნევა პლენარული სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად და სრულად აძლევს ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში კონკრეტული საპარლამენტო პროცედურების განხორციელების შესაძლებლობას.

პარლამენტის რეგლამენტის 91 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, იმისთვის, რომ საპარლამენტო ბოიკოტი გაფორმდეს საპარლამენტო ბოიკოტად, საჭიროა გაიგზავნოს წერილი ბიუროსთვის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტია პოლიტიკური შეხედულების გამო უარს აცხადებს საპარლამენტო პროცედურებში ჩართულობაზე. თუ პოლიტიკური შეხედულების გამო პროცედურებს უცხადებ ბოიკოტს და არ გსურს მონაწილეობა პროცესში, შეგიძლიათ გააფორმოთ შესაბამისი წერილით. ეს არის ლეგიტიმური. ამას არავინ არავის არ უზღუდავს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას.

პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში, "საარჩევნო კოდექსში" და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.