გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა

15 ოქტომბერი 2021
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა

ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, ათ თანმდევ საკითხთან ერთად განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე.

ტყის კოდექსი, IX მოწვევის პარლამენტმა მიიღო და წარმოადგენს პირველ კოდექსს, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპებზე დაყრდნობით იქნა შემუშავებული და თავის თავში გულისხმობს ნაკლებ ზეწოლას ტყეზე, მეტი ეკოსერვისის მიღებას ტყის, როგორც მერქნული ასევე არამერქნული რესურსისა ასევე, ეკოტურიზმის განვითარებას და ტყის ხარისხის შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვის“, - აღნიშნულის შესახებ საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა მაია ბითაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტში წარმოდგენილი ცვლილებები ეხება თექვსმეტ ძირითად მიმართულებას და ერთ-ერთი მათგანი წარმოადგენს ტერმინთა განმარტებების დაზუსტებას.

მნიშვნელოვანი არსებითი ხასიათის ცვლილებები ეხება ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებს, რაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული მიზნით ტყით სარგებლობის შემთხვევაში. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეთით, ზუსტდება რომ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით შესაძლებელი იქნება ტყის საზღვრების კორექტირება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ხაზობრივი ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ნაგებობების ამორიცხვის შემთხვევაში. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ტყის აღრიცხვის საფუძველზე, კორექტირების საკითხის დაყენების უფლება მთავრობის წინაშე ეროვნულ სატყეო სააგენტოს ექნება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც ტყის ფონდში ინსპექტორების რაოდენობას და პრაქტიკულად ახალი დაწესებულების, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეინჯერების ჩაბმას ეხება ტყის კონტროლის ისეთ ნაწილში, სადაც მათ ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება ექნებათ. მაია ბითაძის განმარტებით, ცვლილებები ითვალისწინებს ტყის არამერქნული რესურსით სარგებლობას ასევე, ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სარგებლობას და თევზის მეურნეობის და სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემის ინტეგრირებას. მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომელიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა და ეხება ტყეში დასაწყობებულ, უკანონოდ მოპოვებულ მერქნულ რესურსს, რომელიც გამოძიებისთვის ნივთმტკიცებას წარმოადგენს და რომლის ტყიდან გამოტანა გამოძიების დასრულებამდე ვერ ხერხდება. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნივთმტკიცების განკარგვა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ პირის ბრალეულობა არ დადასტურდა.

ტყის ფონდის მართვის ორგანოს მიერ აღნიშნული რესურსის განკარგვის შედეგად მიღებული თანხები დაუბრუნდება პირს, იმ შემთხვევაში თუ მისი ბრალეულობა არ დადასტურდა. ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მხრივ, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის მეორე მხრივ, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, რადგან ტყის სანიტარული მდგომარეობა დასაწყობებული მერქნული რესურსით უარესდებოდა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტთა პაკეტით, წარმოდგენილია ცვლილებები რომლითაც გათვალისწინებულია მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწების რეგისტრაციის საკითხი. პროცესში ერთვება ტყის ფონდის მართვის ორგანო, რომლის ჩართულობით იქნება მართლზომიერ მფლობელობაში მიწის დაკანონების პროცესი წარმართული.