გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა

15 ოქტომბერი 2021
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი) #1 ცვლილების შეთანხმება“ განიხილეს რაც 74 ერთეული ახალი ნაგავმზიდი და მექანიკური დამგველი მანქანების შეძენას, ნაჟური წყლის სისტემის რეაბილიტაციას და არსებული მყარი ნარჩენების გადაზიდვის სადგურის განახლებას ითვალისწინებს.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და თბილსერვისს შორის არის მჭიდრო პარტნიორობა. ბანკი თბილსერვისს ეხმარება იმაში, რომ მან შეძლოს და უპასუხოს ყველა გამოწვევას, რომელიც თბილსერვისის წინაშე არსებობს. პირველ რიგში, ეს არის ნარჩენების მართვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკა მოწოდებული იქნება 8-10 თვეში. რაც შეეხება გადამტვირთ სადგურს, წლის ბოლოსთვის უკვე გამოცხადდება შესაბამისი სატენდერო პროცედურები. შეთანხმებით წარმოდგენილი ცვლილება კი, გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ლიჩეტის სისტემის მოდერნიზაციას ეხება, რათა ამ სისტემამ უპასუხოს ყველა თანამედროვე გამოწვევას და შეამციროს გარემოზე და შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობაზე ზიანი“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიამ მოახერხა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით შედგა პროექტი, რომელიც მულტიმოდალურია და მათ შორის, ითვალისწინებს არსებული ლიჩეტის გამოცვლას, რომლისთვისაც თავის დროზე თანხა იყო დახარჯული, მაგრამ ტექნოლოგიურად ვერ ახერხებდა გაწმენდას. ასევე, მნიშნელოვანია, რომ ამ ტექნიკების მეშვეობით თბილისს, ბოლო წლებში, პირველად ექნება ქუჩის გამწმენდი ახალი ტექნიკა, რომლებიც ქალაქში მტვრის გაწმენდის მაჩვენებლის შემცირებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

თბილისის მერიის წარმომადგენელმა კომიტეტის წევრებს კიდევ ერთი ხელშეკრულება გააცნო, რომელიც თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტს წარმოადგენს.

 პროექტის მიზანია თბილისის ქუჩების დასუფთავების, სადრენაჟე სისტემის, ქუჩის განათებისა და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესება, დასაქმებულთა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ხელშეწყობა და „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის მართვის თანამედროვე სისტემების დამკვიდრება.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.