გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

19 მაისი 2021
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონპროექტს, თანმდევ პროექტებთან ერთად.

კანონპროექტი ითვალისწინებს ისეთი საკითხების დარეგულირებას როგორიცაა: ტერმინთა განმარტება; ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება და ქარსაფარი ზოლის აღრიცხვა; ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენება და მართვა; ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები და პირები; ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენება და მართვის ღონისძიებების დაფინანსება.

მომხსენებლის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, კანონპროექტის ინიცირება არის აგრარული პოლიტიკის ფართო ხედვის ნაწილი და არა ცალკე აღებული ინიციატივა გამომდინარე იქედან, რომ ქარსაფარი ზოლები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდაში, განსაკუთრებით, მარცვლოვანი და ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში.

„შემოთავაზებული ინიციატივა, რა თქმა უნდა, ასევე პირდაპირ კავშირშია გარემოს დაცვასთან, რადგან აღნიშნული კანონპროექტით ქარსაფარი ზოლები ნიადაგს იცავს ქარისმიერი ეროზიებისგან“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

თემის აქტუალურობაზე საუბრისას, მომხსენებელმა განაცხადა, რომ საქართველოში ქარსაფარი ზოლების 80-90% გასული საუკუნის 90-იან წლებში განადგურდა და აქედან გამოდინარე, ნიადაგის ეროზია მაღალ ნიშნულს აღწევს. მისივე თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ ქარსაფარი ზოლების არსებობა, რიგ შემთხვევებში, ხორბლის მოსავლიანობას 20-დან 25%-მდე, ხოლო სიმინდის და სოიოს შემთხვევაში 15%-მდე ზრდის. ამასთანავე, ქარსაფარი ზოლები გათბობის და კონდიცირების ხარჯებს ამცირებს აქ არსებული დასახლებული პუნქტებისთვის.
ნინო წილოსანის განცხადებით, ქარსაფარი ზოლების გაშენებისას, ისე, რომ არ დაზარალდეს კანონპროექტის იდეა, გარკვეული პროპორციებით შერჩეული იქნება თაფლოვანი მცენარეები, რომელიც მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის განვითარებისთვის. მისივე თქმით, ქარსაფარი ზოლები გარკვეულწილად გამოყენებული იქნება არაფუნქციური მიზნებითაც, როგორიც არის არამერქნული რესურსები.

კანონპროექტით განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვალდებულება 2022 წლის პირველ მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმის მომზადება და დამტკიცება. ინვენტარიზაციის პროცესი კი, 2025 წლის პირველ მარტამდე უნდა დასრულდეს.
პროექტის თანახმად, სპეციალური მოკვლევა ჩატარდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ მიწის ნაკვეთის ან მიწის ნაკვეთის ნაწილის თაობაზე, სადაც შესაძლოა გაშენდეს ქარსაფარი ზოლი.

სპეციალურ მოკვლევა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ შეიძლება აწარმოოს: საკუთარი ინიციატივით, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე და ასევე, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე ან სხვა დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ქარსაფარი ზოლის გაშენებისას დაცული იქნება კერძო საკუთრების უპირატესობა.

„იმ შემთხვევაში, თუ ისტორიულად არსებული ქარსაფარი ზოლის ტერიტორია ახლა კერძო საკუთრებაა, ქარსაფარი ზოლის გაშენებისთვის, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება კერძო მესაკუთრის თანხმობა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ქარსაფარი ზოლის აღდგენა, გაშენება და მართვის ღონისძიებების დაფინანსება შეიძლება მოხდეს როგორც ბიუჯეტიდან, ასევე დონორი ორგანიზაციებისგან მოძიებული თანხებით, რისი პრეცენდენტიც უკვე არსებობს.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად:

  • ქარსაფარ ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდის შეწყვეტა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
    იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
  • ქარსაფარ ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
  • ქარსაფარ ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, ან ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

საკანონმდებლო პაკეტის წარდგენის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი შენიშვნები და დასვეს შეკითხვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა: სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელებას, ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტას, მწკრივის გაშენების წესს, წითელი ნუსხის ხეებს, ზიანის ანაზღაურებას და სხვა.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, ვინაიდან კანონის ძირითადი ნაწილის ამოქმედება 2022 წლიდან იგეგმება, კარგი იქნება თუ მეტი რეკომენდაცია მიეცემა სამინისტროს და ასევე, მუნიციპალიტეტებს იმისათვის, რომ პირველადი ინვენტარიზაციისათვის და მცენარეების დარგვის შემდგომი მოვლა-პატრონობისთვის საჭირო შესაბამისი თანხები გათვალისწინებული იყოს ბიუჯეტებში.
მაია ბითაძის განცხადებით, კომიტეტს მიაჩნია, რომ თავისი შინაარსით კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მას ძალიან კარგი მიზანი აქვს.

„ვფიქრობთ, რომ კანონპროექტის მიღება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით იმიტომ, რომ ნიადაგთან დაკავშირებით ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს, განსაკუთრებით გაუდაბნოების პროცესს თუ გავითვალისწინებთ. თუმცა, ჩვენი სურვილი იქნება, რომ კანონპროექტში პროცედურული ნაწილები მეტად იქნეს გათვალისწინებული იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელიც ხეების ჭრასთან, დარგვასთან და მოვლასთან დაკავშირებით არსებობს ჩვენს ქვეყნაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კანონპროექტების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, ხატია წილოსანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, შალვა კერესელიძე, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი და გოდერძი ჩანქსელიანი.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 2021 წლის 19 მაისი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 2021 წლის 19 მაისი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 2021 წლის 19 მაისი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 2021 წლის 19 მაისი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 2021 წლის 19 მაისი