გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ნარჩენების მართვის მიმართულებით, სამინისტროს რეკომენდაციები მისცა

14 ივნისი 2021
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ნარჩენების მართვის მიმართულებით, სამინისტროს რეკომენდაციები მისცა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, ნარჩენების მართვის მიმართულებით კანონქვემდებარე აქტების აღსრულების მდგომარეობა განიხილეს.

ინფორმაცია ნარჩენების მართვის კოდექსიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებასა და მიღებასთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს და სხდომის მონაწილე ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით ასოცირების ხელშეკრულებაში აღწერილი მდგრადი განვითარების მიზნები, სამინისტროს ძირითად დოკუმენტში - გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნულ პროგრამაში, დეტალურად არის გაწერილი.

მომხსენებელმა ნარჩენების მართვის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღებას, ესენია „სიახლოვის პრინციპი“, რაც ითვალისწინებს ნარჩენების დამუშავებას ყველაზე ახლოს მდებარე ნარჩენების დამუშავების ობიექტზე; პრინციპს „დამბინძურებელი იხდის“ - ნარჩენების ნებისმიერი წარმომქმნელი ან მფლობელი ვალდებულია გაიღოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები და ბოლოს, „თვითუზრუნველყოფის პრინციპი“, რისთვისაც უნდა ჩამოყალიბდეს და ფუნქციონირებდეს მუნიციპალური ნარჩენების განთავსებისა და აღდგენის ობიექტების ინტეგრირებული და ადეკვატური ქსელი.

სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მიღებულ ნორმატიულ აქტებზე - ტექნიკურ რეგლამენტებზე, როგორებიცაა: „სამედიცინო ნარჩენების მართვა“; „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ”; „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ შესახებ და „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესები“.

ისაუბრა მათი აღსრულების მექანიზმებზე.

მისი ინფორმაციით, მზადდება ცვლილებები „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ კანონში და „ნარჩენების მართვის კოდექსში“.

დამტკიცდება ტექნიკური რეგლამენტები „ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ“ და „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ”.

სხდომაზე ისაუბრეს 2016-2020 წლებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების შესახებ და ახალი 2021-2025 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადების თაობაზე.

კომიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ რეკომენდაციები შეიმუშავა, რათა მათ გაააქტიურონ მუშაობა ბიზნეს სექტორთან ერთად, განსაკუთრებით, ისეთ კომპანიებთან, რომლებიც დაკავებული არიან ბაზარზე საბურავების, ზეთების და მეორადი სახიფათო ნარჩენების განთავსებით.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ნარჩენების მართვის მიმართულებით, სამინისტროს რეკომენდაციები მისცა