გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

07 აპრილი 2021
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია მოისმინა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

პროექტის წარდგენამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), საქართველოში მისი წარმომადგენლობის დირექტორს, კარლ ტაესტენსენს, პროგრამა ECOserve საქართველოს  ჯგუფის ხელმძღვანელს კრისტიან გოენერსა და უფროს მრჩეველს გია კოლბინს, რომლებიც წლების განმავლობაში უშუალოდ თანამშრომლობენ საქართველოსთან გარემოს დაცვის კუთხით როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე.

მაია ბითაძემ ხაზგასმით აღნიშნა მათი დახმარების მნიშვნელობის შესახებ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო სექტორში. „გერმანიის მთავრობამ ასევე დიდი დახმარება გაუწია თბილისს, მათ შორის ჰაერის დაბინძურების კონტექსტში, სატრანსპორტო საშუალებების კვლევებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც თბილისში მალე შეიცვლება საგზაო შუქნიშნების მართვის სისტემა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ქალაქში ჰაერის დაბინძურების კონტროლისა და პრევენციისთვის.

მადლობას ვუხდი მთელ მათ გუნდს მთლიანად, მათ ადგილობრივ წარმომადგენლობას და იმედი მაქვს მომავალი თანამშრომლობის. ჩვენ უკვე განხილული გვაქვს 2021-24 წლების სამოქმედო გეგმაში გაწერილი საკითხები და ვფიქრობთ შევძლებთ ამ საკითხებზე ერთად მუშაობას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია კომიტეტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენელმა გიორგი კოლბინმა გააცნო.

მომხსენებელმა დეტალურად წარმოადგინა ეკოპროგრამა, რომელიც ხორციელდება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში და რომლის ფოკუსიც არის ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა ადგილობრივი მოსახლეობის ენერგოუსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით.

ეს არის ერთობლივი პროგრამა, რომელიც ხორციელედება გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გერმანიის მთავრობის დაფინანსებითა და შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით.

მომხსენებლის თქმით, პროგრამის ფარგლებში წელს იწყება ახალი პროექტი სახელწოდებით ეკო ჯორჯია - მწვანე ტრანსფორმაცია. მან წარმოადგინა ამ პროექტის კომპონენტები, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული ტყის რეფორმის ხელშეწყობა. ის მოიცავს ტყის მდგრად მართვას და ტყეზე ზედამხედველობის გაძლიერების კომპონენტებს. ასევე, ითვალისწინებს მხარდაჭერას საქმიანი ეზოების შექმნისათვის, სადაც საჭიროებისამებრ შეიძენენ ტყის სამერქნე თუ საწვავ მასალას. მეორე კომპონენტია ენერგო ეფექტური და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარება. მესამე კომპონენტი ითვალისწინებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივი თვითმმართველობის როლს ტყის მდგრად მართვაში.

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა თითოეული აქტივობის შესრულების გეგმის შესახებ და შესაბამისი ვიზუალური მასალაც წარმოადგინა სლაიდების სახით.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მომხსენებელმა და უცხოელმა პარტნიორებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯოდმარემ, მაია ბითაძემ იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტს პერიოდულად ექნება საშუალება მიიღოს ინფორმაცია პროექტის განხორციელების პროცესის შესახებ. „მოგეხსენებათ, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კომიტეტს აქვს საზედამხედველო ფუნქცია, როგორც ტყის კოდექსის აღსრულების კუთხით, ასევე კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და აღსრულების კუთხით. ამ ზედამხედველობაში ასევე შედის ჩვენი ჩართულობა იმ საერთაშორისო დახმარების ფარგლებში განხორციელებული პროექტების თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია პარლამენტის მიერ კანონების აღსრულებისათვის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გერმანიის მთავრობას ასეთი მნიშვნელოვანი და ეფექტიანი დახმარებისათვის.

სხდომაზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის“ შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის თობაზე.

ბიზნესსექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას დაემატება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე; საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე; წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნანა ზამთარაძე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თვმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა.

სატყეო სექტორთან მომუშავე ჯგუფშიც განხორციელდა ცვლილება და დაემატა თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამუშაო ჯგუფს დაემატება შალვა ობგაიძე თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებებს კენჭისყრით დაუჭირეს მხარი.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, 2021 წლის 7 აპრილი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, 2021 წლის 7 აპრილი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, 2021 წლის 7 აპრილი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, 2021 წლის 7 აპრილი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, 2021 წლის 7 აპრილი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, 2021 წლის 7 აპრილი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, 2021 წლის 7 აპრილი