საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა

21 თებერვალი 2021
საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა

„პარლამენტის წევრს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს, საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილის და მისი ავტორობისთვის გადავცემ თავისუფლების საპარლამენტო ორდენს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს წევრებს ირაკლი კობახიძის დაჯილდოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს აქვს დღის წესრიგი, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობს.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია და დღეს არის ის თარიღი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების განვლილ 100 წელიწადს და ასევე, დავფიქრდეთ ჩვენს მომავალზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარესა და ბიუროს წევრებს ორდენით დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიან წევრობასთან აახლოებს.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს - ჩვენი პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს. მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჯილდოსთვის, მადლობას გადავუხდი პარლამენტის ბიუროს წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პარლამენტის თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ოთხი წლის წინ ერთად განვვლეთ ის გზა, რომელმაც შედეგად მოგვცა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ჩვენი ამბიციური მიზანი და ამოცანაა საბოლოოდ გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და მე მჯერა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია იყო და არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გვაახლოებს ამ მიზნამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა.

„თავისუფლების საპარლამენტო ორდენთან“ ერთად, ირაკლი კობახიძეს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ფულადი ჯილდოც გადაეცა, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.

გალერეა

  • საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა, 2021 წლის 21 თებერვალი
  • საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა, 2021 წლის 21 თებერვალი
  • საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა, 2021 წლის 21 თებერვალი