პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

06 დეკემბერი 2019
პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

4-5 დეკემბერს, ქალაქ ერევანში „გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რეზოლუცია: ქალები მშვიდობისთვის - შესაძლებლობები და გამოწვევები“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელზეც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა გუგული მაღრაძემ მოხსენება წარადგინა.

გუგული მაღრაძემ გამოსვლაში მიმოიხილა იმ კვლევების შედეგები, რომლებიც ქალების სამშვიდობო პროცესებში ჩართვის მიზანშეწონილებას და სარგებლობას მოწმობს.

„ქალებს, მათი თვისებებიდან და სოციალური გამოცდილებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი ალტერნატივების წამოყენება შეუძლიათ კონფლიქტების გადასაჭრელად მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესებში, მაგრამ ქალების პოტენციალი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არაა სათანადოდ რეალიზირებული და მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალების მონაწილეობა არ აღემატება 8-10 %, მაშინ როცა სტატისტიკა მოწმობს რომ კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა 80 % -ს ქალები წარმოადგენენ“, - აღნიშნა კონფერენციაზე გუგული მაღრაძემ.

მან შეკრებილ საზოგადოებას ის სამუშაოები გააცნო, რასაც საქარეთველოს ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი გაეროს აღნიშნული რეზოლუციის განხორციელებისათვის ეწევა.

„მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ რეზოლუციიის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა უკვე 2012 წელს შეიმუშავა. ამჟამად მიმდინარეობს 2018- 2020 წლის სამუშაო გეგმის განხორციელება. გეგმის განხორციელების კოორდინაციისათვია პრემიერმინისტრის აპარატში შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო. გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რაც საჭიროა რეზოლუციის წარმატებით განხორციელებისთვის. მიმდინარე გეგმაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დევნილების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული, და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრიპირას მცხოვრებ ქალთა საჭიროებების მოგვარებას, მათთვის შექმნილია სპეციალური საგრანტო პროგრამაც, რათა ხელი შეეწყოს ამ კატეგორიის ქალთა დასაქმებას. მიმდინარეობს სისტემატური ტრენინგები სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების პერსონალისთვის, რომ მათ უკეთესად განახორციელონ რეზოლუციით გათვალისწინებული დავალებები“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

კონფერენციაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა გადაუჭრელი კონფლიქტების ზემოქმედება ქალებზე, რაც უშუალოდ უკავშირდება მათ და მათი ოჯახების უკიდურეს გაჭირვებას, მათი უფლებების შელახვას, პრობლემებს ჯანდაცვაში, განათლებაში, დასაქმებაში. კონფერენციაზე დიდი ადგილი დაეთმო იმ მექანიზმების განხილვას, რაც გააძლიერებს ქალების ჩართულობას კონფლიქტის გადაჭრაში, პოსტ კონფლიქტურ რეკონსტრუქციასა და მყარი მშვიდობის მშენებლობაში.

კონფერენციაზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა სომხეთის პრემიერის მეუღლე ანა ჰაკობიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობას. საერთაშორისო ღონისძიებას სომხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გალერეა

  • პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა
  • პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა
  • პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა
  • პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა